ჯანდაცვა
ახალციხეში ვაქცინაცია იწყება
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. სპეციალურ ვებ-გვერდზე BOOKING.MOH.GOV.GE-ზე იმუნიზაციისთვის რეგისტრაცია 16 აპრილიდან დაიწყება. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ვაქცინაცია სავარაუდოდ, 20 აპრილიდან დაიწყება.
„ზუსტ დოზას, თუ რამდენი ვაქცინა შემოვა კლინიკაში, ვერ გეტყვით, როგორი მოთხოვნაც იქნება ვაქცინაზე, პროცესსაც იმ დოზით დავიწყებთ. ვაქცინის პრობლემა არ არის, როგორც მოსახლეობის დატვირთვა იქნება, იმის მიხედვით დავიწყებთ“, - აცხადებს კლინიკური მენეჯერი რეზო კუჭუხიძე.
ამ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალსა და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს, კლინიკა "იმედში" დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, პროცესი შეწყდა.
ახალციხის კლინიკა "იმედიდან" ვაქცინა რვა აპრილს გაიტანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა.
რეგიონში ვაქცინა სულ, 26 პირს აქვს გაკეთებული.
გააზიარეთ :