ვინ აიცრება ჩინური “სინოფარმის“ ვაქცინით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური “სინოფარმით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ - მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციას, იუსტიციის სახლებსა და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანებს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანას 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა სჭირდება, რათა ორჯერადად აიცრას მილიონ 700 ათასამდე ადამიანი.
„4 მაისიდან დაიწყება „სინოფარმით“ აცრა, ეს გახლავთ ჩინური ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია აცრილი. ეს ვაქცინა 100 ათასი დოზით გვაქვს, მალე შემოვა მეორე ჩინური კიდევ 100 ათასი და „სინოფარმის“ დამატებითი ნახევარი მილიონი დოზა კიდევ იქნება ივნის-ივლისში.
გარდა ამისა, ახლა შემოდის „ასტრაზენეკას“ 86 ათასი დოზა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ფაიზერთან“, „ნოვავაქსთან“ და რამდენიმე ვაქცინის მოწოდებაზე.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წლის ბოლოს წერტილს დავუსვამთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას, კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას, თანდათან ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რითმს დაუბრუნდება“, - აცხადებს გამყრელიძე.