10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს - თამარ გაბუნია
ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილოემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებელს 1,3-1,4%-ის ფარგლებში ინარჩუნებს.
„ჩვენი სცენარი და პროგნოზი ისევ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს. სიკვდილობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1,3-1,4% ფარგლებში და ამდენად, ეს არის ის მათემატიკა, რომელიც მე შემიძლია გაგიზიაროთ პანდემიასთან მიმართებაში“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვების კუთხით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით უკეთესია.
„რა თქმა უნდა, რაოდენობა რჩება, თუმცა სიმძიმე არის მსუბუქი, პანიკაც და შიშიც გაქრა პირველი ტალღის შემდეგ და ბავშვების დიდი ნაწილი რჩება ოჯახში საწყისი შეფასების შემდეგ, ამდენად, ის ჰოსპიტალური საწოლები, რომლებიც ჩვენ დავამატეთ ბავშებისთვის ამ ეტაპზე არ არის დატვირთული“, - აღნიშნა გაბუნიამ.