ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს - ჯანდაცვის მინისტრი
დღესდღეობით, ეპიდსიტუაციის ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრმა გუშინ გამოცხადებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველა მათგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად ადამიანების ქცევის სამართავად მხოლოდ ფინანსური ჯარიმები ეფექტური არ არის.
„ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ დაწყებული პირველი ტალღიდან ჩვენ ყოველთვის გვქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტიპის რეგულაცია არის უფრო ეფექტური, უფრო საჭირო, ან უფრო გონივრული და დროული.
რეგულაციების დაწესების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის და არამხოლოდ მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება, თუ ეს რეგულაციები ხარისხობრივად აღსრულდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ გარკვეულწილად შევაკავოთ ინფექცია, ეს არ იქნება 80 და 90%-იანი ეფექტი, თუმცა ამას შეიძლება ქონდეს დაახლოებით, 20%-იანი ეფექტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელების სიჩქარე“, - განაცხადა ტიკარაძემ.