საშვილოსნოს ყელის კიბო – დაავადების გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები განიხილეს სამცხე–ჯავახეთის „დემოკრატ–ქალთა საზოგადოების “ ოფისში. კოლეჯის სტუდენტებმა და მოსწავლეებმა ტრენერებისგან დაავადების რისკის ქვეშ მყოფი ქალების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ სკრინინგის მეთოდებს და მისი თავიდან აცილების გზებზე იმსჯელეს.
ტრენერების თქმით, შეხვედრის მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა წარმოადგენს.
სემინარი ახალგაზრდებთან ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და „შავი ზღვის პარტნიორობა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და კონტროლისათვის“ წარმომადგენლებმა გამართეს. მათი განმარტებით, ახალციხეში მსგავსი სახის ტრენინგებს ხშირად მართავენ და შეხვედრები ყოველთვის აქტიურობით გამოირჩევა.
საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში გავრცელების მხრივ, მეორე ადგილზეა. ქვეყანაში დავადება ყოვეწლიურად, დაახლოებით, 350 მანდილოსანს უვითარდება.
შეგახსენებთ, რომ „დემოკრატ–ქალთა საზოგადოების “ ოფისში საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგი გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის მანდილოსნებისთვის უფასოა.