ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები მუშაობას ევექსის კლინიკაში აგრძელებენ
ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელსაც მეგი ბაქრაძის საქმეში ცრუ ჩვენებისთვის ბრალი აქვს წაყენებული და რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური, რომელიც ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად კლინიკა „იმედიდან“ გაათავისუფლეს, მუშაობას ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აგრძელებენ. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი სოფიო მორგოშია ამბობს, რომ როცა კლინიკაში მენეჯერის პოზიციაზე დაინიშნა, აღნიშნული ექიმები მათთან უკვე მუშაობდნენ.
რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და პედიატრი ვიოლეტა ინასარიძე, რომლებიც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურირებენ, კლინიკა „იმედიდან“ 1-ელ ივლისს, შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. მაშინ ადმინისტრაცია უარყოფდა, რომ ამ გადაწყვეტილებას კავშირი ჰქონდა მედდის გარდაცვალების საქმესთან.
გიორგი აფციაური ამბობს, რომ რეანიმატოლოგის პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ, კლინიკა „იმედში“ გათავისუფლებიდან მალევე შესთავაზა.
„დაგვიძახეს და მივედით, რამე პრობლემაა? არ ვიცი როგორი არგუმენტები ჰქონდა კლინიკას რომ გაგვათავისუფლეს, ჩვენთვის გაუგებარია“.
პედიატრის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას ვიოლეტა ინასარიძე. ამბობს, რომ მეგი ბაქრაძის საქმეში წაყენებული ბრალი, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ადმინისტრაციისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა.
„მაშინვე დამირეკეს და შემომთავაზეს. ბრალი სამედიცინო კუთხით არ მაქვს წაყენებული და ლიცენზია შეჩერებული არ მაქვს“.
18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთდა, ვიოლეტა ინასარიძე ამცრელი კაბინეტის ექიმი იყო. ვაქცინირებულ ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, მის გვერდით არ იყვნენ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. ისინი სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე წავიდნენ, კლინიკაში კი მას შემდეგ დაბრუნდნენ, როცა კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ შეატყობინეს.
ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად, კიდევ ერთ ექიმს და ერთ ექთანს საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეში ცრუ ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წაუყენა, რაც 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.