„უნიმედი სამცხის“ ყოფილი ექიმი დაწესებულების ხელმძღვანელობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. კობა გრიგალაშვილი საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ექიმებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.
კობა გრიგალაშვილი, რომელიც „უნიმედი სამცხეში“ 15 წელი ქირურგად მუშაობდა – დაწესებულების ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა. ექიმი ამბობს, რომ მას კონტრაქტი უკანონოდ, პირადი ინტერესების გამო შეუწყვიტეს. კობა გრიგალაშვილი ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციამ მისი სამსახურიდან გაშვება ერთადერთი მიზეზით გადაწყვიტა. ქირურგი რამდენიმე წელი ,,უნიმედი სამცხეს“ პარალელურად კლინიკა „იმედშიც“ მუშაობდა. გრიგალაშვილი ,,უნიმედი სამცხეში“ არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ მედპერსონალს მიზერულ თანხაზე უწევთ მუშაობა, კლინიკაში მოძველებულია აპარატურა, რომელიც ექიმებსა და პაციენტებს ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
კობა გრიგალაშვილის მსგავსად ორი წლის წინ „უნიმედი სამცხე“ ქირურგმა გიორგი გოგოტიშვილმაც დატოვა. ექიმმი ამბობს, რომ მისი სავადმყოფოდან წამოსვლის მიზეზი ანაზღაურება და ის კონტრაქტი იყო, რომელიც კლინიკის ადმინისტრაციამ მოსვლისთანავე მედ–პერსონალთან გააფორმა. გოგატიშვილი ამბობს, რომ შეთანხმება კაბალური იყო და მხოლოდ საავადმყოფოს ადმინისტრაციის სურვილებზე იყო მორგებული, რაც ექიმებს რთულ სიტუაციაში აყენებდა. ანაიდა პეტროსიანი კი ამბობს, რომ ხელფასების შემცირებასთან ერთად ექიმებს პაციენტების სამკურნალოდ უხარისხო მედიკამენტებს აძლევდნენ. საავადმყოფო ფულის შოვნის გზა არ უნდა გახდეს– ამბობს გინეკოლოგი ანაიდა პეტროსიანი.
„უნიმედი სამცხე“–ს, კარდიოლოგმა თამაზ ხაბეიშვილმაც უჩივლა. ექიმის ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი დაწესებულების ადმინისტრაციამ შეუმცირა და ექიმს აიძულებდნენ, რომ ხელი ახალ კონტრაქტზე მოეწერა. ეკა აბაშიძის მტკიცებით სასამართლომ გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო და უნიმედი სამცხის ადმინისტრაცია აიძულა თამაზ ხაბეიშვილს ის ანაზრაურება მიეღო რაც მას კონტრაქტით ეკუთვნოდა.
უნიმედი სამცხეში რომ რთული მდგომარეობაა, ამაზე იქ მომუშავე მედ–პერსონალიც საუბრობს. 21 მარტს, მედიკოსებმა დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს და ხელფასების სიმცირესთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს. გაფიცვის მიზეზი ისიც იყო, რომ „უნიმედი სამცხის“ მედ–პერსონალს ხელფასი დაუგვიანდა, რაზეც იმ დღეს „უნიმედი სამცხის“ ადმინისტრაციამ კომენტარი გააკეთა.
რატომ გაათავისუფლეს საავადმყოფოდან კობა გრიგალაშვილი – ეს კითხვა „უნიმედი სამცხეს“ წარმომადგენლებს დავუსვით. პრეს– სამსახურმა ჩვენ გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ პასუხის მისაღებად ადმინისტრაციისთვის წერილობით უნდა მიგვემართა, რომელსაც თან დართული ექნებოდა კობა გრიგალაშვილის განცხადება, რომ იგი თანახმა იყო მისი პირადი საქმე გასაჯაროებულიყო. ქირურგმა განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა. სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა სიუჟეტში უნიმედი სამცხეს პოზიციის დაფიქსირება.