როგორია უდეში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა?
24 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ უდეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიურში გადაიყვანეს. ნათესავების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
"აღარ სჭირდება მართვითი სუნთქვა და გამოფხიზლების შემდეგ კონტაქტურია. შიდა ჭრილობები არ გაუარესებულა. შესაბამისად, დამატებითი ოპერაციის საჭიროებაც აღარაა. მცირე ულუფების რეკომენდაციაც გასცეს ექიმებმა", - ამბობს ივერი ბალახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის სოფელ უდეში ახალგაზრდა მამაკაცი გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 18 დეკემბერს დაჭრეს. ის 24 წლის, სოფელ არლის მკვიდრია. დაჭრილი მამაკაცი ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შემდეგ კი პაციენტი თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.