საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, დუბაიში აქვთ.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ორივე იზოლირებულია და მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა.
„ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
„ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა, „ომიკრონი“ მსოფლიოს კიდევ 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
„ომიკრონის“ შემოსვლას საზღვარი ვერ დაიცავს და ველოდებოდით, რომ დაფიქსირდებოდა. რომ გითხრათ, ის დაუყოვნებლივ, დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ასე არ იქნება. სტაბილიზაციისკენ სვლა გარკვეულწილად გაგრძელდება, მაგრამ „დელტა“ შტამის ამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ალბათ დაახლოებით ორი თვე მაინც დასჭირდება. ვნახოთ, დავაკვირდეთ. ვინაიდან „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის სწრაფ გაუარესებას არ ველოდები. ყოველ შემთხვევაში, ახალ წლამდე. შემდეგ თუ გავრცელდა იმ სისწრაფით, რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა, მაგრამ იმედი გვქვს, შემთხვევების ძირითადი ნაწილი ამბულატორიული იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.