„მწვანე ბარათის“ გაუქმებას მე მხარს არ დავუჭერ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხი დადგება ის და მისი უწყება ამას მხარს არ დაუჭერს.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, „მწვანე ბარათის“ გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ის თერმოსკრინინგთან ერთად გარკვეულწილად წესრიგის დამყარების საშუალებას წარმოადგენს.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და პირადად მე არ დავუჭერდი მხარს ე.წ.მწვანე ბარათების გაუქმების საკითხის განხილვას. ასევე იდგა საკითხი და სოციალურ ქსელშიც იყო განხილვა, რომ დაწესებულებებში შესვლისას თერმოსკრინინგი გაუქმდეს. ეს ორივე მექანიზმი და განსაკუთრებით „მწვანე ბარათი“ პანდემიის და ეპიდემიის დროს გარკვეულწილად წესრიგის დამყარების საშუალებაა და შესაბამისად, ქცევის ერთ-ერთი ინდიკატორიც. ამიტომ ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია „მწვანე ბარათის“ გაუქმებაზე, რადგან მწვანე ბარათით მოგეთხოვებათ, რომ იყოთ აცრილი, ასევე მოგეთხოვებათ, რომ რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობისას, ან სამასპინძლო დაწესებულებაში შესვლისას არ იყოთ ინფიცირებული, ამით გარკვეული წესრიგი მყარდება, რასაც პანდემიის და ეპიდემიის მართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე, გაუქმებას მე მხარს არ დავუჭერდი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სხვისი ე.წ.მწვანე ბარათის გამოყენება არასწორი საქციელია.
„ამის შესახებ მეც გამიგია. აქვე ვუსვამ ხაზს, რომ აღსრულების კონტროლი და მონიტორინგი აუცილებელია, მაგრამ მეორე მხრივ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მოსახლეობის თვითშეგნებას. აცრა აუცილებელია ორჯერ და ახლა კიდევ ვთხოვ ყველას, რომ ბუსტერიზებულიც იყოს, რაც „ომიკრონის“ გავრცელებას სერიოზულად აკავებს. ასევე, დავიცვათ რეგულაციები, გამოვიყენოთ პირბადე და დავიჭიროთ დისტანცია, არ ვიაროთ დიდ სუფრებზე. ამ ყველაფერს თუ გავაკეთებთ, შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სიტუაციიდან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.