„ომიკრონის ბოლო ვარიანტი უფრო გადამდებია და მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზია“ - ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ,ომიკრონის ბოლო ვარიანტზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო ვარიანტი, BA.2, უფრო გადამდებია ომიკრონის წინა ვარიანტთან შედარებით და უფრო მძიმე დაავადებებსაც იწვევს, განსაკუთრებით ფილტვების ანთებას.
„BA.2, ანუ ყველაზე ბოლო ვარიანტი ომიკრონის, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას.
ომიკრონის BA სუბვარიანტს იშვიათად ახასიათებდა ფილტვების ანთების განვითარება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.