ჯანმომ ქართველ ექიმებს პანდემიის წინააღმდეგ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა
ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ქართველ სამედიცინო პერსონალს, პანდემიის წინააღმდეგ გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰანს კლუგემ წერილი და სპეციალური ჯილდო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამოგზავნა.
აღსანიშნავია, რომ ჯანმო-მ 2021 წელი, მსოფლიოში, სამედიცინო პერსონალის საერთაშორისო წლად გამოაცხადა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად შეიქმნა სპეციალური ჯილდო, რომელიც ქართველმა სამედიცინო პერსონალმა ჰანს კლუგესგან მიიღო.
„2021 წელი ძალიან მძიმე იყო როგორც ფიზიკური, ისე მორალური კუთხით ევროპისა და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის. COVID-19-ის პანდემია ნამდვილი გამოცდა და წარმოუდგენელი ტვირთი აღმოჩნდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემების, თუ - სამედიცინო პერსონალისთვის“, - ნათქვამია წერილში.
ჰანს კლუგეს თქმით, მედპერსონალი თავდაუზოგავად ებრძვის ინფექციას და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. ამ დროს კი, მათი ჯანმრთელობა, მუდმივად რისკის ქვეშ დგას.
„გამოჩენილი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, მინდა ეს ჯილდო, თქვენი სამინისტროს საშუალებით, გადავცე მედპერსონალს. მინდა, გთხოვოთ, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მიაწოდოთ ეს ინფორმაცია მათდამი მადლიერებისა და აღიარების ნიშნად“, - აღნიშნულია წერილში.