ახალციხეში ფსიქო– ფიზიკური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც რეგიონის მაცხოვრებლებს მოემსახურება. ცენტრის ფუნქცია და პირობები მოწვეულ საზოგადოებას ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგმა, ფიზიოთერაპევტმა და რეაბილიტოლოგმა ლიანა მერაბიშვილმა გააცნო. მენეჯერის ასისტენტის განმარტებით, მათ უნდა მიმართონ პაციენტებმა, რომელთაც ესაჭიროებათ, სპეციალისტების დახმარება პროფილაქტიკისა თუ მკურნალობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ცენტრს გართობის მსურველემაც შეუძლიათ მიაკითხონ, ვისთვისაც ფიტნეს აერობიკა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.
ცენტრის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები და მედიკოსები დაესწრნენ. მათ ფსიქო– ფიზიკური სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ იგი ადგილობრივებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.
ცენტრში პაციენტებს თბილისიდან მოწვეული მაღალი დონის სპეციალისტები მოემსახურებიან. 4 პროფესორი სხვადასხვა პროფილით, ადგილობრივებს შესაბამის კონსულტაციას ყოველ შაბათ–კვირას გაუწევს. მოწვეულ სპეციალისტთან ვიზიტი პაციენტებს 30 ლარი დაუჯდებათ. ფსიქო ნეირო რეაბილიტოლოგები მიიღებენ როგორც ბავშვებს, ასევე, მოზრდილებსაც.
ფიტნეს და აერობიკის მომსახურების მსურველები სპეციალური პაკეტებით ისარგებლებენ. 15 პროცედურა მომხმარებელს 50 ლარი დაუჯდება. სამკურნალო მასაჟი ფიზიოთერაპიული მომსახურებით 10 პროცედურა 100 ლარია.
ქალაქ ახალციხეში, წმინდა დავით და კონსტანტინეს ქუჩის 36 ნომერში ფსიქო– ფიზიკური სარეაბილიტაციო ცენტრი ყოველდღე, დილის ათიდან, საღამოს ათ საათამდე იმუშავებს. ადმინისტრაციის ინიციატივით, სპეციალისტები ორგანიზაციებს კორპორატიულ მომსახურეობასაც სთავაზობს. ცენტრი ეწევა ქველმოქმედებასაც. 18 წლამდე ასაკის სოციალურად შეჭირვებულ და უდედმამო ბავშვებს მედიკოსები უფასოდ მოემსახურებიან.