ჯანდაცვა
პანდემიას ახლა „თაფლობის პერიოდი“ აქვს - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ისაუბრა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, დელტაკრონის, შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, რისკი არსებობს.
„ახალი ვარიანტი ჰიბრიდული ვირუსია, რომელსაც ორი სხვადასხვა მუტაციის: „დელტასა“ და „ომიკრონის“ გარკვეული ელემენტები აქვს აღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის ამ მუტაციას ერთდროულად გააჩნია, როგორც „დელტა“, ისე „ომიკრონის“ ვარიანტის ელემენტები. როდესაც კორონავირუსის პანდემიის ტალღა გამოწვეულია ერთი ვარიანტით და მეორე ვარიანტში გადადის, მაშინ დიდია შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე ადამიანს ჰქონდეს ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსი. თუ საქართველოს რეალობაზე გადმოვიტანთ, ქვეყანაში იანვარში ცირკულირებდა როგორც კორონავირუსის „დელტა“ მუტაცია, ისე „ომიკრონიც“. ასე რომ სავსებით შესაძლებელია, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად ჰქონდათ ორი ვირუსის მუტაციის შედეგად მიღებული ვარიანტი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს მოსალოდნელი ვირუსია თავისი ბუნებით“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ეს ვირუსი გამოჩნდა მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ვირუსოლოგი ამოწმებდა მონაცემთა ბაზას.
„ყველა ქვეყნის ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, რომ ახალი მუტაცია გამოჩნდება. ახლა პანდემიას, ასე ეძახიან, გარკვეულწილად, „თაფლობის“ პერიოდი აქვს, როდესაც შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი მიდის შემცირებისკენ, ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია. რისკი კვლავ მაღალი რჩება. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა დიდია. ბოლო 2 მუტაცია სწორედ ასეთ ქვეყნებში გაჩნდა. ვირუსის შეჭრას განაპირობებს მისი წვეტის ცილა. წვეტის ცილა ამ ჰიბრიდულ ვარიანტს აქვს „ომიკრონის“, შესაბამისად, ისეთნაირად იქცევა როგორც „ომიკრონი“, - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.
გააზიარეთ :