შ.პ.ს „გიოს“–ს და „პინო“–ს მიერ წარმოებული პელმენი და ხინკალი „რაჭა“, რომელშიც ადამიანისათვის საშიში მიკროელემენტები აღმოაჩინეს ახალციხის მაღაზიებში ისევ იყიდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში ამბობენ, რომ პროდუქტის ლაბორატორიულად გამოკვლევამდე მის რეალიზებას ვერ აკრძალავენ.
შ.პ.ს „გიოს“–ს და „პინო“–ს მიერ წარმოებული პელმენსა და ხინკლ „რაჭა“– ში ადამიანისათვის საშიში მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, მაღაზიებში იგივე პროდუქტი ისევ იყიდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში განმარტავენ, რომ აღნიშნული მაღაზიებიდან აღებული ნიმუშები შესამოწმებლად ლაბორატორიაში უკვე გადააგზავნეს. შესაბამისი ზომების მიღება კი პასუხების მიღების შემდეგ მოხდება.
პელმენსა და ხინკალში მავნე მიკროორგანიზბმები ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა აღმოაჩინა და სინჯები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალციხის ზონალურ ლაბორატორიაში გადააგზავნა. ნიმუშების აღების ფაქტი კი ვიდეოკამერით დააფიქსირა. კვლევის თანახმად, სამივე ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენოზი აღმოჩნდა.
შ.პ. ს „გიოში“ აცხადებენ, რომ მათი პილმენი უსაფრთხოა და მავნე მიკროორგანიზმებით დაბინძურებული არ არის. ფირმის წარმომადგენელთა მტკიცებით, მათი პროდუქცია ლაბორატორიულ შემოწმებას სამ თვეში ერთხელ გადის. შპს „გიოს“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მომხდარის გამო, ნახევარფაბრიკატებს სრული დაცვით კვლავ შეამოწმებენ და შესაბამის ზომებსაც მიიღებს. ფირმაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, პროდუქციის დაბინძურება მაღაზიაში მოხდა ან პელმენი დისტრიბუტორების მიერ შეიცვალა, რადგან კომპანიას მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია.
თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ერთ–ერთია მათ შორის, სადაც პროდუქციაში მავნე მიკროორგანიზმები აღმოჩნდა. მეპატრონის ხათუნა ჯავახიძის მტკიცებით, ნახევარფაბრიკატები მაცივრებში შესაბამის პირობებში ინახება, ამიტომ ამ გზით შეუძლებელია პროდუქცია დაბინძურდეს. მეწარმის თქმით, ნახევარფაბრიკატებს შესაბამისი ფირმის შეფუთვა აქვთ, ამიტომ მათი რაიმე სახით შეცვლა შეუძლებელია. ხათუნა ჯავახიძე ამბობს, რომ მოქალაქეებს პროდუქციასთან დაკავშირებით ჩივილებით არ მიუმართავთ და ამ დრომდე არც მსგავს შემთხვევას ჰქონია ადგილი.
მომხმარებელთა ნაწილი აცხადებს, რომ გაყინული პროდუქტების შეძენისგან თავს მას შემდეგ იკავებენ, რაც მედიაში მიკროორგანიზმების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ადგილობრივების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნახევარფაბრიკატები საკვებად არასასურველია.
მედიკოსების თქმით, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია მონოციტოგენოზი ადამიანებისათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ორსულთა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ეპიდემიოლოგ ქეთევან ჯინჭველაძის განმარტებით, მიკროორგანიზმებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება შეიძლება სხვადასხვა კუთხით მოახდინოს.
ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული პელმენსა და ხინკალში მავნე მიკროორგანიზმები 2015 წლის 19 თებერვალს აღმოაჩინა, თუმცა კვლევები დღემდე მიმდინარეობს. ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გარდა, პროდუქტში მავნე მიკროორგანიზმების არსებობა ასპინძის ქუჩაზე მდებარე ბარსეგიანის კუთვნილი მარკეტში და საბარგო სადგურის დასახლების მაღაზია შპს „დიაკონაშვილში“ დადასტურდა.