ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს კიდევ სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსული ინფექციის ახალი შემთხვევები ახალციხის მუნციპალიტეტის სოფელ კლდესა და ზიკილიაში და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, სამივე მათგანი ყირიმ-კონგოსთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, მკურნალობის კურსს კლინიკებში გადიოდნენ, თუმცა დაავადება ლაბორატორიულად დღეს, 6 ივნისს დადასტურდა.
რეგიონში ამ დრომდე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 14 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დღევანდელი მონაცემებით კი რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. სამცხე-ჯავახთში დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტიც. მაისში ვირუსულ ინფექციას სოფელ შოლავერში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ყირიმ-კონგო მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ხასიათდება მაღალი ლეტალობით. ინფიცირებულთა დაახლოებით, 40% იღუპება. არ არსებობს რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.
სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერად არის აღიარებული.
გააზიარეთ :