საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა დღეს დასრულდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა დღეს დასრულდება. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის ლუგარის ცენტრი "მაიმუნის ყვავილის" მხოლოდ ამ ერთ შემთხვევას იკვლევს.
ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ცენტრმა აქამდე 4 შემთხვევა გამოიკვლია, აქედან 3-ზე უარყოფითი შედეგი დადგა, ხოლო ერთ შემთხვევაში გაღრმავებული კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.
"დღეს დამთავრდება სეკვენირების ანალიზი და იქნება როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი, ასევე ვაცნობებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. ამ ერთ შემთხვევაში იყო მოგზაურობის ისტორია, პაციენტს ჰქონდა კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ნიშნები. მისი მდგომარეობა მსუბუქი იყო და ის მკურნალობის შემდეგ უკვე სახლშია გაწერილი", - განაცხადა გამყრელიძემ.