მშობლებში შეშფოთებას იწვევს უმართავი ცხელება - ექიმები ახალ ვირუსზე
სეზონური ვირუსების გავრცელების პარალელურად, კლინიკებში მომართვიანობა გაიზარდა. ექიმების თქმით, მომართვიანობამ განსაკუთრებით პიკს მიაღწია ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ვირუსი ძირითადად 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება, მათ შორის ექიმების თქმით, ყველაზე მძიმედ ახალი ვირუსის მიმდინარეობა ერთ წლამდე ასაკის ბავშვებშია.
ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ბავშვებს აღენიშნებათ, ეს არის ცხელება და სუნთქვის გაძნელება.
"ამჟამად ცირკულირებს რამდენიმე სახეობის ვირუსი საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში. გავრცელების მიხედვით, პირველ ადგილზეა რინოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები. მომართვიანობა მაღალია, რადგან ამ ვირუსებს ახასიათებს მაღალი ცხელება და მშობლებში შეშფოთებას იწვევს უმართავი ცხელება. ადგილები ძალიან სწრაფად ივსება, ძალიან მალე ვწერთ, თუ ბრონქიოლიტი არ არის, ამას უფრო ხანგრძლივად ესაჭიროება, რადგან ახალშობილები და ჩვილები ზოგჯერ რეანიმაციას საჭიროებენ, იმდენად მძიმე მიმდინარეობა აქვთ", - თქვა ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.
ექიმების ვარაუდით, კლინიკაში მომართვიანობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, რომ არ დაიწყონ თვითნებური მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართონ პირად ექიმს ან პედიატრს.