„ომიკრონის“ ახალმა ვარიანტმა შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს
„ომიკრონის“ განშტოებამ, „ექსბიბი.1.5“-მა (XBB.1.5) აშშ-ში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების ახალი ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„სიენენი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ექსბიბი.1.5“-მა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ინფიცირების წილი გააორმაგა, რაც დეკემბრის თვეში ახალი ინფექციების ოთხი პროცენტიდან 41 პროცენტამდე ზრდას ნიშნავს.
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში შემთხვევების 75 პროცენტი „ომიკრონის“ ახალ განშტოებაზე მოდის.
ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ ამ ქვეხაზს აქვს ისეთი თვისებები, რაც იძლევა „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ხელახლა ზრდის პოტენციალს აშშ-ში, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად დიდი იქნება ეს ტალღა და გაიზრდება თუ არა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.
„ექსბიბი.1.5“ პირველად ნიუ იორკსა და კონექტიკუტში ოქტომბრის ბოლოს აღმოაჩინეს.