ჯანდაცვა
რომელ მედიკამენტზე დაიკლო ფასმა საქართველოში?
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 18 მარტიდან რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.
უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.
მათივე ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.
„რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.
მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ, 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.
მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული - https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გააზიარეთ :