ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას - ჩხაიძე
ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული - ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა.
„ეს კვირა გამორჩეულია. პირველად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის არსებობა არ დაფიქსირდა.
იმედია, ასეთი სტატისტიკა გაგრძელდება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის სეზონი საქართველოში დასრულდა.
რაც შეეხება კორონავირუსს, შემთხვევები კვლავ ფიქსირდება, გრიპისგან განსხვავებით კი კორონავირუსი მთელი წელი იქნება.
ბოლო 2 კვირა ორი ვირუსის სიჭარბით არის გამორჩეული, ეს არის რინოვირუსი, რომელიც ვირუსების განაწილებაში 50%-ზე მეტია. დღეს ქვეყანაში წამყვანი ვირუსია რინოვირუსი და ადენოვირუსი.
რინო და ადენოვირუსი განეკუთვნება გაციების გამომწვევი ვირუსების კატეგორიას, მათ მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ძირითადად ის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას. რინოვირუსს და ადენოვირუსს უმრავლეს შემთხვევაში არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.