თებერვალ-მარტიდან შესაძლოა, კვლავ გატესტვის პრაქტიკას დავუბრუნდეთ - ივანე ჩხაიძე
"ზამთრის სეზონი პროგნოზირებადი პერიოდია, როდესაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, როდის ველოდებით გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების მატებასა და პიკს", – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრიპის ვირუსმა პიკს გასულ თვეში მიაღწია.
"სტატისტიკიდან ჩანს, რომ გრიპის შემთხვევები ნოემბრიდან იწყებს მატებას, დეკემბერ-იანვარი პიკია, თებერვალ-მარტ-აპრილში კი თანდათან მცირდება. იყო რამდენიმე წელი უახლოეს ისტორიაში, როცა მარტ-აპრილში მეორე პიკი გვქონდა, შედარებით დაბალი, თუმცა – პიკი.
წელს დეკემბერში დაიწყო გრიპის შემთხვევები და ქვეყანაში არსებობდა გრიპის ვირუსი, თუმცა ის არ იყო ძირითადი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გრიპის მაჩვენებელი ამ პერიოდში ჯერ იყო 5%, შემდეგ 16-20%, და იანვრიდან უკვე გახდა წამყვანი: 48-50-56% უკვე გრიპს ეჭირა", – განმარტავს ივანე ჩხაიძე.
იაშვილის საავადმყოფოს დირექტორი ასევე განმარტავს, რომ, სტატისტიკაზე დაყრდნობით, თვიდან თვემდე ასევე იცვლება გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მკურნალობის პროტოკოლიც.
"როდესაც დეკემბერში შემოდის კლინიკაში დაავადება, მე არ ვიცი, რომ ის გრიპია. პირიქით, იმდენად მცირეა ამ პერიოდში ამ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ვიცი, რომ გრიპი არ უნდა იყოს. მაგრამ როდესაც კლინიკაში შემოდის ბავშვი სიცხით, ხველებით, ყელის ტკივილით, იანვარში უკვე ვიცი, რომ ეს არის გრიპი და ვალდებული ვარ, დავიცვა ანტივირუსული პრეპარატი.
ამიტომ ეს სტატისტიკა ექიმებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, იანვარში ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა სწორედ ამ ვირუსული პრეპარატის გამოყენებით ვმართეთ და ძალიან სწრაფი შედეგიც მივიღეთ. თებერვალ-მარტიდან კი შესაძლოა, კვლავ გატესტვის პრაქტიკას დავუბრუნდეთ", – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.