ჯანდაცვა
ბაკურიანში, მოსახლეობისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა
როგორ უნდა მოხდეს დაზარალებულის ადგილზე შეფასება, როგორ უნდა გაკეთდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, ტრავმის მენეჯმენტი პრე-ჰოსპიტალურ დონეზე (კლინიკაში მიყვანამდე), კიდურების ტრავმული დაზიანების ტიპები, იმობილიზაციის გზები, სისხლდენის ტიპები და მათი შეჩერების მეთოდები - სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება ბაკურიანში გამართულ ტრენინგზე, რომელიც პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ორგანიზებით, ინსტიტუციური განვითარების Erasmus+ პროექტ - LIFESTRAND-ის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით ჩატარდა.
დაინტერესებულ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო პრაქტიკულ აქტივობაში. კერძოდ, ტრენინგებზე დამსწრე სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინსცენირებულ საველე აქტივობაში, რაც გულისხმობდა „დაშავებული“ ადამიანებისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.
„დავესწარი ტრენინგს, რაც ძალიან სასარგებლო იყო. მივიღე გამოცდილება თუ როგორ უნდა ჩაუტარდეს ადამიანს პირველადი გადაუდებელი დახმარება. ვთვლი, რომ რაც მეტი მოქალაქე დაესწრება მსგავს ტრენინგს და მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, მით მეტი აღმოჩნდება ისეთი ადამიანი საზოგადოებაში, ვისაც კრიტიკულ სიტუაციაში შეეძლება დახმარება გაუწიოს სხვა ადამიანს და გადაარჩინოს კიდეც მისი სიცოცხლე“ - აღნიშნა გიორგი ბალახაძემ, რომელიც ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელია.
ევროკავშირის პროექტი LIFESTRAND, რომელიც თსა-ს ხელმძღვანელობით ხორციელდება და საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს აერთიანებს, მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.
გააზიარეთ :