ახალციხესა და ასპინძაში კიბოს უფასო სკრინინგი აქცია გაიმართება
31 ოქტომბერს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში (რუსთაველის ქ.105ა), კიბოს უფასო სკრინინგი აქცია გაიმართება. აქცია 10 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში გაგრძელდება. დღესვე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (შალვა ახალციხელის ქ. 2). 14:00 საათზე სკრინინგის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება.
უფასო სკრინინგ აქცია 1 ნოემბერს ასპინძაში ევექსის კლინიკაში გაიმართება (მისამართი - შალვა ახალციხელის ქ. 1ა). 13:00 საათზე კი ასევე ასპინძაში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მეფე თამარის ქ. 3) საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მერიის წარმომადგენლები, სოფლის ექიმები, სოფლებში მერის, ასევე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ბაღებისა და სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები.
სკრინინგულ აქციებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილური გუნდი ჩაატარებს.
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კიბოს სკრინინგული კვლევებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი (ტარდება 40-70 წლის ასაკის ქალებში); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25-60 წლის ასაკის ქალებში), მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი (ტარდება 50-70 წლის ასაკის ქალებში და მამაკაცებში).
კვლევაზე გამოცხადების დროს მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კამპანია იმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდითა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიასთან და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან თანამშრომლობით.