შსს დნმ-ის ბაზას ქმნის - რა თანხა დაიხარჯება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიან ეროვნულ დნმ-ის მონაცემთა ბაზას ქმნის. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 17 745 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების ვადები კი მიმდინარე წლის 22 ნოემბრიდან 2027 წლის 30 ნოემბრის პერიოდს მოიცავს.
უწყება აღნიშნული თანხით ბაზის შესაქმნელად საჭირო ელექტრონულ მასკანირებელ მიკროსკოპს, სხვადასხვა მოწყობილობას, დნმ ლაბორატორიის რეაგენტებსა და სახარჯ მასალებს ყიდულობს.
2024 წლის 17 სექტემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტს. რეგულაციების ამოქმედება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან არის გათვალისწინებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა მოწყობილობის შესაძენად მიმდინარე წლის განმავლობაში 3 ტენდერი გამოცხადდა. შსს-ს განმარტებით, ტენდერები რამდენჯერმე გასაჩივრდა, საბოლოოდ არც ერთი არ შედგა და პროცედურები გაჭიანურდა.