მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია იწყება. შენობის მდგომარეობითა და დაგეგმილი სამუშაოებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი დაინტერესდა. მიხეილ გიორგაძემ 7 სექტემბერს თეატრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჭერი სრულად გადაიხურება, მოწესრიგდება გარესაკანალიზაციო სამუშაოები, გამოიცვლება კარ-ფანჯრები და განახლდება სცენა.
როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლია სულუაშვილმა განაცხადა, 1975 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეატრში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები იწყება.
შეგახსენებთ, რომ მესხეთის თეატრის მიერ, საპროექტო სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი ხუთჯერ ჩაიშალა. საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვლინდა და სამუშაოები შპს “ტექაღრიცხვამ” 4 322 ლარის ფარგლებში შეასრულა, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინდმეწარმე ქრისტინე სარაშვილი განახორციელებს. მესხეთის თეატრის რეაბილიტაცია 140 000 ლარი დაჯდება.