ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ მელითაურმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის საქართველო 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.
ხელშეკრულებით მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების აღდგენა, ასევე, სხვადასხვა ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებაა გათვალისწინებული.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად დღესვე საპროექტო ხელშეკრულება გააფორმა.
აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას. რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ათვისება გაზრდის ადგილზე დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.