არასაკმარისი ფართი და თეატრისთვის შეუფერებელი შენობა – ახალციხის თოჯინების თეატრის თანამშრომლები პირობების არარსებობაზე საუბრობენ. მათი თქმით, შენობა, სადაც ამ ეტაპზე დაწესებულება ფუნქციონირებს, თანამშრომლებისთვის მოუხერხებელი, მაყურებლისთვის კი არაკომფორტულია. ამიტომ ისინი, ქალაქის ცენტრში იმ შენობაში გადასვლას ითხოვენ, რომელიც 2012 წლამდე თოჯინების თეატრს ეკავა.
ასე გამოიყურება ახალციხის თოჯინების თეატრი, რომელიც რაბათის ისტორიულ კომპლექსში მდებარეობს. ადმინისტრაცია იმ პრობლემების მოგვარებას ითხოვს, რომლის წინაშეც სამი წელია დგანან. თანამშრომლები ამბობენ, რომ შენობა მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. სკამები ბავშვებისთვის არაკომფორტულია, თეატრი ქალაქიდან შორსაა, რაც მაყურებლის რაოდენობაზეც აისახება. სპექტაკლისთვის საჭირო რეკვიზიტები შენობაში არ ეტევა, ამიტომ მათი დიდი ნაწილი ახალციხის სამუსიკო სკოლაში ინახება, სადაც წყალი ჩადის და თოჯინები ფუჭდება.
წლების განმავლობაში, ახალციხის თოჯინების თეატრი ქალაქის ცენტრში, ერთ–ერთ შენობაში იყო განთავსებული. დარბაზი 170 მაყურებელს იტევდა. 2012 წელს, როდესაც ახალციხის ციხის რეაბილიტაცია განხორციელდა, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თოჯინების თეატრი ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდა, ხოლო ძველი შენობა გასხვისდა.
თოჯინების თეატრის რაბათის ციხეში გადატანის მიზეზებზე საუბრობს ქალაქის ყოფილი გამგებელი. გელა დემეტრაძის თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპლექსში მუნიციპალიტეტის ბალანზე არსებული კულტურული დაწესებულების განთავსება დაიგეგმა. სამხატვრო სკოლასა და თოჯინების თეატრს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე გაკეთდა. მისი მტკიცებით კი თეატრის ყოფილ შენობაში კი სამორინე და სასტუმრო უნდა გახსნილიყო, სადაც 100–მდე ადგილობრივი დასაქმდებოდა.
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გამოყოფილი ადგილი თოჯონების თეატრისთვის რომ შეუფერებელია, ამაზე ახალციხის მერიაშიც საუბრობენ. მერის მოადგილის თქმით, შენობა, რომელიც თეატრს წლების განმავლობაში ეკავა, უკან მხოლოდ იმ შემთხევაში დაუბრუნდება, თუ კულტურის სამინისტრო მას რეაბილიტაციას ჩაუტარებს. აღნიშნული წინადადებით მერიამ სამინისტროს წერილობით მიმართა, რაზეც პასუხი გუშინ მიიღო.
ახალციხის თოჯინების თეატრი საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზეა და მისგან ყოველწლიურად 120 000 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი სპექტაკლების დადგმისთვის 18 000 ლარია გამოყოფილი.