ახალციხემ „ამერიკის დღეებს“ უმასპინძლა. ამასთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში ქალაქში საინფორმაციო და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. სპეციალურად ამ დღისათვის, ახალციხეს ამერიკის შეერტებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი ესტუმრა. ამერიკის დღეები – კონფერენცია უნივერსიტეტში და სადღესასწაულო განწყობა ახალციხის ციხეზე.
„ამერიკის დღეები“ ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. შეერთებული შტატების უკეთ გასაცნობად, სტუდენტებმა მოხსენებები ამერიკული სიმბოლოების, სამზარეულოს, დღესასწაულების, მედიის მუშაობის, განათლების სისტემის ფუნქციონირებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ წარმოადგინეს. კონფერენცია სახელწოდებით ,,ჩვენ ვიცნობთ ამერიკას“ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მის მიზანს, ამერიკის შესახებ აუდიტორიის მეტად ინფორმირება წარმოადგენდა.
სპეციალურად ,,ამერიკის დღეებისათვის”, ქალაქს ღონისძიების ინიციატორი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტუმრა. რიჩარდ ნორლანდმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხის ციხის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე, საინფორმაციო ბაზრობა მოინახულა და აშშ-ის მისიის: საგანმანათლებლო, გაცვლითი, საგრანტო და სხვა პროგრამების სტენდები დაათვალიერა.
,,ამერიკის დღეებთან” დაკავშვირებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ორგანიზაცია–დაწესებულებების მიერ გამოფენა მოეწყო. მათ სპეციალური სტენდები და საინფორმაციო ბუკლეტები იმ პროექტების შესახებ წარმოადგინეს, რომლებიც საქართველოში ამერიკის მთვრობამ და საელჩომ დააფინანსა. გამოფენაში მონაწილეობა როგორც ადგილობრივმა, ასევე, დედაქალაში მოქმედმა ორგანიზაციებმაც მიიღეს.
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ,,ამერიკის დღეები”, საგანგებო კონცერტით დასრულდა, სადაც მილანიდან მოწვეულმა უცხოურმა მუსიკალურმა ბენდმა იმღერა. მანამდე კი ამერიკის ელჩს ისტორიულ კომპლექსში ქართული მუსიკალური ჯგუფები დახვდნენ და ამერიკული კომპოზიციები შეასრულეს. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართველი და ამერიკელი არტისტების შესრულებით ქუჩის ცეკვებს დასწრებოდნენ. საქართველოში „ამერიკული დღეები“ 2 ივნისს, ზუგდიდიდან დაიწყო და ახალციხის შემდეგ გორში გაგრძელდება.