18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 10:00-18:00 საათამდე ქვეყნის ყველა მუზეუმში მსურველებისთვის შესვლა უფასო იქნება.
გარდა ამისა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საქართველოს მუზეუმების წარმომადგენელთა მიღება და დაჯილდოება გაიმართება.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებები დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამცხე–ჯავახეთშიც.
18 მაისს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კერძო კოლექციონერებთან – ნუგზარ ოსეფაშვილთან და გიორგი ხაჩიძესთან შეხვედრა მოეწყობა. მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში მათ კოლექციებში დაცული ბორჯომის მინერალური წყლის ეტიკეტები და ნუმიზმატიკის ნიმუშები გამოიფინება.
გარდა ამისა, მარშრუტით: ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი – „საქარავნო გზები – სოფ. ნაქალაქევი – ქარვასლა – ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი – საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ტური მოეწყობა. მათივე მონაწილეობით გაიმართება დისკუსია საქარავნო გზების დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ასპინძის მუნიციპალიტეტში გამოიფინება ფონდსაცავში დაცული არქეოლოგიური მასალა.