აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის 8 მილიონი დოლარი დაიხარჯება. რეგიონის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კურორტზე აღდგენითი სამუშაოებისათვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. პროექტის განხორციელება 2016 წლიდან დაიწყება, მანამდე კი ადგილობრივები არაერთ პრობლემაზე საუბრობენ. რა საკითხები გადაიჭრება აბასთუმანში რეაბილიტაცის შემდეგ და რატომ ჰქონდათ განვითარების გეგმასთან დაკავშირებით ობსერვატორიის თანამშრომლებს პრეტენზია, ,,მე–9 არხი” დაინტერესდა.
მწყობრიდან გამოსული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლები, დაუკანონებელი ტერიტორიები, დაბინძურებული სასმელი წყალი, მოშლილი საკანალიზაციო სისტემა –ეს აბასთუმნის დღევანდელი სახეა. სამცხე–ჯავახეთის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კურორტზე, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ადგილობრივები კიდევ არაერთ პრობლემაზე საუბრობენ. წლებია, მოსახლეობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. შესაბამისად, აქ ტურისტის მოზიდვა და დაინტერესება საკუთარი ძალისხმევით უხდებათ. იმისათვის, რომ მოსახლეობა დაცული იყოს და დამსვენებლებისთვის აბასთუმანი მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ხელისუფლებამ კურორტის კეთილმოწყობაზე უნდა იზრუნოს – ამბობენ ადგილობრივები.
ათეული წლების შემდეგ, აბასთუმნის რეაბილიტაციისათვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. კურორტის განვითარების გეგმა 8 მილიონი დოლარით შესრულდება, რომლის მიხედვითაც, ინფრასტრუქტურული სამუშოები 2016 წლიდან უნდა დაიწყოს. მიმდინარე წელს კი მხოლოდ პროექტები მომზადდება. სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ,,მე–9 არხთან“ განმარტავს, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, აბასთუმნის ურბანული აღდგენა, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და საგზაო სისტემების მოწესრიგება, ასევე საბაგირო ხაზისა და ობსერვატორიის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.
აბასთუმნის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, პრეტენზა ჰქონდა ობსერვატორიის თანამშრომელსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ოთარ კვარაცხელიას. ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ რეაბილიტაციის პირვანდელ გეგმაში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის კეთილმოწყობა გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ აღნიშნული საკითხის გასათვალისწინებლად, კვარაცხელია კოლეგებთან ერთად, პროექტის ავტორებს რამდენჯერმე შეხვდა. საბოლოოდ, ობსერვატორიის მოწესრიგებისათვის გარკვეული თანხა გამოიყო, თუმცა დეპუტატი ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს. სამცხე–ჯავხეთის გუბერნატორი კი ამბობს, რომ ობიექტის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
რა კონკრეტული სამუშაოები ჩატარდება ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთადერთ კურორტზე – ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერ საუბრობენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე გეგმა დასაზუსტებელია, თანხის შესახებ კი, გუბერნატორისგან განსხვავებით ინფორმაციას არ ფლობენ.
მსოფლიო ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონისათვის, სულ 30 მილიონი დოლარია გამოყოფილი. მათგან 8 მილიონი აბასთუმნის რეაბილიტაციას მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. რეგიონის გუბერნიაში ამბობენ, რომ აღნიშული თანხა აბასთუმნის სრული რეაბილიტაციისათვის საკმარისი მაინც არ არის და ამ ეტაპზე ადგილობრივებს მხოლოდ პირველადი პრობლემები მოუგვარდებათ.