ადამიანები, რომელთა წინაპრებიც სომეხთა გენოციდის დროს გადარჩნენ და თავი საქართველოს შეაფარეს, სერგეი ფიდანიანმა საკუთარ ფოტოებზე აღბეჭდა – 100 წლის წინ დატრიალებული ტრაგედია დღეს ახალციხეში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ ოპერატორმა და ფოტოგრაფმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა სომეხთა გენოციდს მიუძღვნა.
მან აუდიტორიას გამოფენის მიზანი გააცნო და აღნიშნა, რომ 1915 წელი ყოველი სომეხისათვის ტკივილიანია. ავტორმა გამოფენაზე 22 ფოტო გამოიტანა, რომლებსაც თან სამ ენაზე ნათარგმნი ჩანაწერი ერთვის და იმ პირთა ისტორიას აღწერს, რომლებიც 1915 წელს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ცხოვრება საქართველოში განაგრძეს. აღნინშული გამოფენა სერგეი ფიდანიანმა დაახლოებით ერთი თვის წინ, დედაქალაქშიც გამართა. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კი ნამუშევრების ნახვა დღეიდან 10 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.