მედია
პრობლემურია, როცა ხელისუფლება მედიის შემზღუდავ ნორმებს ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე იღებს - ნიკა სიმონიშვილი
პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება - აღნიშნავს სააგენტო ინტერპრესნიუსთან ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
„შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა, როცა ჟურნალისტები შესაბამის საკანონმდებლო ორგანოში გარკვეულ წესებს ემორჩილებიან. რა თქმა უნდა, ეს ასეა, თუმცა, ეს ნორმები, კონსტიტუციის დანაწესებთან შესაბამისი უნდა იყოს. ასევე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ იმაზეც, როგორი პოლიტიკური კულტურაა ევროპაში და ჩვენთან - როგორი. ჩვენთან ვხედავთ, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მედიის გარკვეულ ნაწილთან კონტაქტობს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებთან კი კომუნიკაცია არ აქვთ, არ დადიან კრიტიკული მედიის გადაცემებში, ერთგვარად, პოლარიზებული სიტუაცია გვაქვს ხოლმე, ამ შემთხვევაში, მედიის ამ წარმომადგენლებს ერთადერთი საშუალება იმისა, რომ კითხვა დასვან და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პასუხები მოისმინონ, მხოლოდ და მხოლოდ საჯარო და ღია სივრცეებია. როცა ვსაუბრობთ, რომ ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება ეს, ევროპაში იმის პრობლემა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომელიმე მედიასთან არ დადიოდეს, დებატებში მონაწილეობას არ იღებდეს, არ არის. როცა ჩვენი და ევროპული კონტექსტის შედარება ხდება, ესეც უნდა შევადაროთ. იგივე არის ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან მიმართებით, როცა ისინი ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიის გადაცემებში არ იღებენ მონაწილეობას, ან ამ მედიის წარმომადგენლები ამ პოლიტიკოსებს არ იწვევენ. ამიტომ, მედიისა პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ერთმანეთთან გაუცხოებულები არიან და პოლარიზაციის ელემენტებია შემოსული.
სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელისუფლება ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას. პრობლემურია, როცა ხელისუფლება მედიის შემზღუდავ ნორმებს ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე იღებს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
ამასთან, სიმონიშვილმა განმარტება, კონკრეტულად რა სამართლებრივი პრობლემები აქვს ახალ ნორმებს.
„ზოგადად, აკრედიტაციის ფორმები საკანონმდებლო ორგანოებში მიღებულია, თუმცა, ამ ყველაფერმა არ უნდა შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება არაკონსტიტუციურ ფარგლებში. როცა საუბარია იმაზე, რომ „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის, ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ“, რა თქმა უნდა, ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია. ეს პირდაპირ არის უხეში და გაუმართლებელი ჩარევა ჟურნალისტურ საქმიანობაში. რესპონდენტი არ უნდა წყვეტდეს, როგორი იქნება ინტერვიუს შინაარსი, არამედ, ეს ყველაფერი მედიასაშუალების მხრიდან უნდა წყდებოდეს. ეს პირდაპირ არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გაუმართლებელი შემთხვევა და მითითება იმაზე, რომ ინტერვიუ შეწყდეს, არასწორია. ჩვენ პრაქტიკული შემთხვევებიც შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა პარლამენტის წევრები იმ მომენტში, როცა არ სურთ გადაღება, ისინი მაგალითად, არაეთიკურად იქცევიან, ან ამბობენ ისეთ ფრაზებს, რომელიც რა თქმა უნდა, არაეთიკურია. გვინახავს, როცა ერთგვარად ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებსაც ჰქონია ადგილი, როცა უხეში ფორმებით მიუმართავთ ქალი ჟურნალისტებისთვის. დეპუტატის მითითება, შეწყვიტოს ინტერვიუ, შეზღუდავს მედიის მუშაობას იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებისთვის ინტერესის მქონე საკითხებთან მიმართებით ჟურნალისტმა ვერ შეძლოს ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის გადაცემა. ეს წესი პირდაპირ გაუმართლებლად ზღუდავს ჟურნალისტის უფლებას, მოიპოვოს და გაავრცელოს კონკრეტული ინფორმაცია.
რაც შეეხება წესს, რომ ჟურნალისტმა „დეპუტატის დოკუმენტი, ან მობილური ტელეფონის ეკრანი არ გადაიღოს“, ეს ერთიან სურათში არ უნდა დავინახოთ. დიფერენცირება უნდა გავაკეთოთ, რა შინაარსის გადაცემა სურს ჟურნალისტს კონკრეტული კადრის გადაღებით. თუ მაგალითად, ჟურნალისტი იღებს პირადი ხასიათის მიმოწერას, რაც საჯარო ინტერესის ქვეშ არ ექცევა, ამაზე შეზღუდვის დაწესებას თავისი ლეგიტიმური ახსნა აქვს, თუმცა გვინახავს კადრები, სამუშაო პროცესში დეპუტატები როგორ არიან არასაქმიანად დაკავებული, როგორ ერთობიან მობილური ტელეფონით... მაგალითად, მე მაინტერესებს, კონკრეტული დეპუტატები საქმიანად იქცევიან თუ არა სხდომათა დარბაზში. ასეთი კადრების აკრძალვა არასწორია“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები წესდება. ქცევის წესებს საპარლამენტო ჟურნალისტებისათვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკუთარი ბრძანებით აწესებს.
ამავე ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია.
- პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესების მიხედვით, ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას;
- წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი;
- პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს;
- არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება;
- დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ რეჟიმზე გადასვა 1-ელი მარტიდან მოხდება.
გააზიარეთ :