ბორჯომის საკრებულოს წევრმა გიორგი გიუაშვილმა, გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ინფორმაციას დეპუტატი ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრი წერს, რომ განცხადებით, რომელიც ელექტრონული ფოსტით გააგზავნა, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს 12 ივნისს მიმართა.
გიუაშვილმა გადადგომის მიზეზი ახსნა:
"ვერ ვითანამშრომლებ "სულგაყიდულ", უპრინციპო, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნავ თანამდებობის პირებთან, მიმიფურთხებია "ასეთი" თანამდებობებისათვის და ხელფასებისათვის, თქვენზე მეტი მიბრძოლია და მიკეთებია ჩემი ბორჯომისათვის და ასე გავაგრძელებ მომავალშიც თანამდებობის და ხელფასის გარეშეც. "საკრებულოში განვითარებული "მოვლენების", ბინძური პოლიტიკური დაპირისპირების, მუხანათური ღალატის, დარბევის, სპეცრაზმების შემოყვანის ფონზე, ერთადერთი, რაც შევძელი ამ თვეების მანძილზე და დღემდე რატომაც ვრჩებოდი აღნიშნულ თანამდებობაზე, არის ის, რომ ხელში არ ჩაგიგდეთ აღნიშნული კომისიის დაქვემდებარებული საკითხები, ბორჯომის უნიკალური გარემო, ბუნება, ასწლოვანი ტყეები, პარკები, სკვერები, რომლებსაც "კალიებივით" შეესეოდით, როგორც ეს წინათ ხდებოდა, არც ერთი საღი ხე 7 თვის მანძილზე ბირჯომში არ მოჭრილა" - წერს გიორგი გიუაშვილი.
გიორგი გიუაშვილი საკრებულოში გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიას, 2017 წლის 20 ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.