პოლიტიკა
მე ვარ პასუხისმგებელი ამირან მესხელზე - ვანო მერაბიშვილი
„ვინც ლაპარაკობს ამირან მესხელზე, ამ ადამიანებს ან ეშინიათ, ან თვლიან, რომ უაზროა ჩემზე ილაპარაკონ. თუ რამე ბრალის წამოყენება არის ამირან მესხელზე, ჩათვალეთ რომ ამირან მესხელი ვარ მე. მე ვარ პასუხისმგებელი მასზე“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ მერაბიშვილს მისი მაღალჩინოსანი მეგობრისა და თანაგუნდელის შესახებ ის კითხვები დაუსვა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ხშირად ისმის.
ნიკა გვარამიამ მერაბიშვილს ასევე ჰკითხა, რატომ არ აქვს არც ერთ საქმეზე ბრალი წაყენებული ამირან მესხელს, რომელიც „ზემგრძნობიარე“ დაწესებულებებს კურირებდა და ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო.
„ის პატრულის, კონტრდაზღვევის, ანტიტერორისტული ცენტრის და მომსახურების სააგენტოს კურატორობდა. თუ ამ დეპარტამენტებზე არის რაიმე სახის პრეტენზია, მზად ვარ მეც და მანაც პასუხი გავცეთ. შეიძლება სპეციალურად არ აქვს ბრალი წაყენებული, რომ ეს კითხვები დაბადოს, შესაძლოა შემოგდებულია. თუ ამირან მესხელი ვინმესთან გარიგებაშია, ე.ი მე ვარ ვიღაცასთან გარიგებაში“, - უპასუხა მერაბიშვილმა.
გვარამიამ კიევში, ამირან მესხელის და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებაც ჰკითხა, რაზეც მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს არ იყო შეთანხმებული შეხვედრა.
„მისი ყოფილი თანამშრომლები შემთხვევით შეხვდნენ, დემონსტრაციულად, ღიად ისაუბრეს სასტუმროს ფოიეში. არ ყოფილა საიდუმლო შეხვედრა. მას არავითარი თანამშრომლობა არ აქვს ამ ხელისუფლებასთან“.
ნიკა გვარამიამ ამირან მესხელის ოჯახის წევრების ბიზნესებზეც ჰკითხა, რაზეც მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ამირანის ძმის კლასელია და ეცინება, როცა მის სერიოზულ ბიზნესზე საუბრობენ.
"მას შემდეგ, რაც მესხელი ხელისუფლებიდან წავიდა, ესპანეთში ბიზნესი თუ აქვს, ეს მისი ბიზნესია და მე არ ვინტერესდები ამით, რითი ცხოვრობს იქ. მანამდე მას ბიზნესი არ ჰქონია. მის ძმას ძალიან კარგად ვიცნობ, ამირანი მისგან გავიცანი. არც ერთ ძმას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბიზნესი არ ჰქონია“, - უპასუხა მერაბიშვილმა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე გამორიცხა, რომ ციხის კადრები ამირან მესხელს გამოეტანა.
გააზიარეთ :