საპარლამენტო არჩევნებში 18 პარტიია მონაწილეობს
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მოუწევს.
(#41) “ქართული ოცნება“
(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა
(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
(#25) “გახარია საქართველოსთვის“
(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
(#36) “გირჩი“
(#23) “ჩვენ“
(#6) “ევროპელი დემოკრატები“
(#17) “საქართველო“
(#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
(#26) “მემარცხენე ალიანსი“
(#20) “თავისუფალი საქართველო“
(#21) “ტრიბუნა“
(#16) “შეცვალე საქართველო“
(#27) “ქართველ ერთობა“
(#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის არის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველია შეყვანილი.
არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.