სომხეთმა საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოში სომხეთის ელჩად რუბენ სადოიანი დანიშნა - ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუბენ სადოიანი 2012-2017 წლებში სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი იყო და მმართველ რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა. პოლიტიკური საქმიანობა 2007 წლის 7 ივნისიდან დაიწყო, მაშინ როცა პარლამენტში იქნა არჩეული. ელჩის პოზიციის დაკავებამდე იყო ეკონომიკური საკითხების მუდმივმოქმედი კომიტეტის - RPA- ს წევრი.
სადოიანმა საქართველოში სომხეთის ელჩის პოსტზე იური ვარდანიანი შეცვალა, რომელმაც საქმიანობის გაგრძელება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ შეძლო.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა.
"საქსტატის" მონაცემებით, სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 367,4 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.