საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები ხორციელდება
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დააანონსა.
ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.
ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. იგი ამავდროულად დაიკავებს ვიცე–პრემიერის პოსტს.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება. აღნიშნული სამსახური პრემიერს დაექვემდებარება.
ფინანსთა მინისტრის პოსტს მამუკა ბახტაძე ჩაიბარებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნობის სამინისტრო. მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უქმდება. სპორტის კომპონენტი კულტურის სამინისტროს შეუერთდება. ამ თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.
ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი კი - განათლების სამინისტროს შეუერთდება. მინისტრის პოსტს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.
აგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხელ ჯანელიძე დაიკავებს.
დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.