წყრუთის სალოცავში ვარდავარი აღნიშნეს
ვარდავარი – სომეხთა ტრადიციული და ყველაზე დიდი საზაფხულო დღესასწაული, რომელიც რელიგიურთან ერთად სახალხო ზეიმად იქცა. ვარდავარი მოძრავი დღესასწაულია და აღდგომიდან 98–ე დღეს აღინიშნება.
ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა წყრუთის სალოცავში იზეიმეს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლმა ეკლესიის ეზოში ტრადიციული წუწაობის რიტუალი შეასრულა.
ვარდავარი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეს ფერისცვალებას უკავშირდება. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე მოციქულებთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე და ნათლით შეიმოსა, ფერი იცვალა. სახარებაში ნათქვამია, რომ ქრისტეს სამოსი გასხივოსნებული იყო. სწორედ ეს დღესასწაული დაედო საფუძვლად ერთმანეთისთვის წყლის შესხმას, წუწაობის ძველ ტრადიციას.
წყლის შესხმის დროს მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ. მათი რწმენით, წყალი განასახიერებს საღმრთო მადლს. გასათხოვარი გოგოები ვარდავარს უკავშირებენ თავიანთი ბედნიერების პოვნას, ისინი 7 წყაროდან იღებენ წყალს და ბიჭებს სთავაზობენ.
არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სომხეთის პირველმა კათოლიკოსმა, გრიგოლ განმანათლებელმა ფერიცვალების დღესასწაულად ნავასარდის თვის პირველი დღე დაადგინა. ამ დღეს აღინიშნებოდა წარმართული დღესასწაული, რომლის ელემენტებიც ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულშიც შემორჩა.
მიიჩნევა, რომ წყალი, რომელსაც ადამიანები ვარდავარის დღეს ასხამენ ერთმანეთს, სამკურნალოა და იღბლისა და კეთილდღეობის მომტანია. ასე რომ, გაწუწულს უფლება არ აქვს, გაბრაზდეს. საუკეთესო შემთხვევაში კი მიმლოცველიც უნდა გაიწუწოს.