100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონოდ დაპატიმრებიდან - სალომე ზურაბიშვილი
"100 დღე გავიდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონოდ დაპატიმრებიდან. ის პრესის თავისუფლების სიმბოლო გახდა, რეგიონში დამოუკიდებელ მედიაზე მზარდი თავდასხმების ფონზე" - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღის თავს ეხმიანება.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, რაც ნიშნავს, რომ მან გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, არსებობს „საფრთხე“, მზია ამაღლობელმა „ჩაიდინოს ახალი დანაშაული“, მიიმალოს.
ჟურნალისტი პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს - მისი თქმით, მას დაკავების შემდეგ სახეში შეაფურთხეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მას დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნის მე-100 დღეს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) კვლავ გამოხატავს სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ. ორგანიზაცია მოითხოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას.