რელიგია
"ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა" - საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო, მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს:
"როგორც ცნობილია, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ორჯერ მოინახულა და ორივე შემთხვევაში მისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია.
თავდაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების მანძილზე ჩადენილი დანაშაული.
რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორციელებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი(მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს."
მათივე თქმით, 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარით მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით.
"საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით ... და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორციელებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.
ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.
ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა.
საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს და ეკლესიისა და ხალხისათვის არაერთ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს.
არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ, იმ შეცდომებზე, რომელიც მასმედიისაგან და საერო პირთაგან არის დაშვებული,- მხოლოდ ერთმანეთის დადანაშაულება და ლანძღვა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. მოქალაქეთა პოლარიზების ხელშეწყობა და მისი გაღრმავება ქვეყნის წინაშე მძიმე დანაშაულია...
P.S. განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი, რა თქმა უნდა, სწორია. ამ მიზნით, პატიმართან შესვლა კი, ზოგადად, კათოლიკოს-პატრიარქის ნებართვით ხდება; მაგრამ აღსარება იძლევა თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია. ამდენად, ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს." - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
გააზიარეთ :