ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში, მშენებელი კომპანია ეკლესიასთან დაგებულ ასფალტს აიღებს, თუმცა ხარვეზის გამოსასწორებლად შპს "ასტორიას" სხვა სამუშაოების შესრულებაც მოუწევს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია ვალდებულია, მიმდებარე ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოაწყოს ისე, რომ ინტერიერი არ დამახინჯდეს, ასევე აუცილებელია, მოხდეს რეკომენდაციების გათვალისწინება, რომ სამუშაოების შესრულებისას ძეგლი არ დაზიანდეს. გარდა ამისა, უნდა მოეწყოს მინიშნებები, რომლის მეშვეობითაც მძღოლების გაფრთხილება მოხდება, რომ წინ ტაძარი დგას.
ამ სამუშაოების შესასრულებლად კომპანიას ვადა ოქტომბრის ბოლომდე მიეცემა.
შპს "ასტორიას" გენერალური დირექტორი მალხაზ მანველიშვილი აცხადებს, რომ რა სახის სამუშაოები უნდა შეასრულოს ჯერ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ სამუშაოებს შეასრულებს.
კომპანია სოფელ წყორძაში გზის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. დირექტორის ინიციატივით, ასფალტის საფარი დაიგო
ეკლესიის ირგვლივაც, რამაც სპეციალისტების აღშფოთება გამოიწვია.
აღდგომის სახელობის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. უგუმბათო, ერთნავიანი ეკლეესია შუა სოფელში, ხევის პირას დგას. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძეგლი XIII საუკუნის პერიოდს განეკუთვნება.