სომეხთა სამოციქულო ეკლესია სურბ სარგისის დღეს აღნიშნავს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია სიყვარულისა და ახალგაზრდების მფარველის სურბ სარგისის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა, რის შემდეგაც ახალგაზრდობის კურთხევის წესი შესრულდა. სურბ სარგისის დღესასწაული გარდა საეკლესიო წესისა, ხალხური ტრადიციებითაც აღინიშნება.
ახალგაზრდები და შეყვარებული წყვილები ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან. ტრადიციის მიხედვით, მას, ვინც მარილიან კვერს შეჭამს, სიზმარში მეორე ნახევრის ხილვა შეუძლია.
ფქვილის, ბევრი მარილისა და წყლისგან მომზადებულ ცომს, ახალგაზრდები პატარა ნაწილებად ყოფენ, წრიულ ფორმას აძლევენ და გამოსაცხობად ამზადებენ. უკვე გამომცხვარი კვერები, მარილის ოდენობის გამო, საკმაოდ მლაშეა, თუმცა მისი შეჭმის სპეციალური წესი არსებობს.
გამომცხვარი მარილიანი კვერები ახალგაზრდებს ეკლესიაში, საკურთხებლად მიაქვთ. საეკლესიო რიტუალის შესრულების შემდეგ კი დასაქორწინებელ ახალგაზრდებს კვერებს თავად მოძღვარი ურიგებს.
სომხური სამოციქულო ეკლესია დღესასწაულს წმინდა სარქისს უკავშირებს, რომელიც ახალგაზრდებისა და შეყვარებული წყვილების მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა, საეკლესიო ცნობებით, იგი ადამიანებს ეხმარებოდა და ქველმოქმედებას საკუთარ შვილთან ერთად ეწეოდა.
სომხური ეკლესიის წინამძღვარი განმარტავს, რომ ზუსტი თარიღი, როცა დღესასწაულზე მარილიანი კვერების გამოცხობა დაიწყეს უცნობია, ოფიციალური ინფორმაციით ტრადიციას საფუძველი სომეხთა გაქრისტიანებამდე ჩაეყარა.