მართლმადიდებლებისთვის აღდგომის მარხვა დაიწყო
19 თებერვლიდან დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ
სრულდება, მხოლოდ სპეციალური საგალობლები და ლოცვები აღევლინება. დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ეკლესიაში დიდი სერობის ჟამნზე წმ. მამის, ანდრია კრიტელის, სინანულის წმიდა ანდრია კრიტელის საგალობლები იკითხება (დიდი კანონი).
წმიდა ანდრია, მეექვსე საუკუნეში, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე აჩვენა მაცხოვარმა თუ რა დიდი ძალა აქვს ზიარებას. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა იერუსალიმში გაუგზავნიათ ღვთისმსახურების შესასწავლად.
შემდგომში ანდრია კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი გახდა და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან სინანულის დიდი კანონი დაწერა, რომელშიც ადამიანის ცოდვილი ბუნება სინანულის მომგვრელ სიმძაფრითაა წარმოდგენილი. კანონს ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.
აღდგომის მარხვა ყველაზე დიდი და მკაცრია. ეს არის დღეები, რომელიც ამზადებს ქრისტიანებს ბრწყინვალე აღდგომისთვის.
გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მოძღვრის ლოცვა–კურთხევით მხოლოდ უზეთო საკვებს იღებენ. მარხვაში ადამიანს ევალება, გააძლიეროს ლოცვა. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა.
მას წინ ყველიერის კვირეული და შენდობის დღე უსწრებს. ამ დღეს მორწმუნეები ერთმანეთს პატიებას თხოვენ და ცდილობენ მარხვა ისე დაიწყონ. დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება.
მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარების, ბზობისა და ლაზარეს შაბათის დღესასწაულებზეა.
წელს აღდგომა 8 აპრილს აღინიშნება.