მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს
დღეს დიდი ხუთშაბათია.
ამ დღის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებს.
მართლმადიდებლები აღასრულებენ ბასილი დიდის წირვას, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს დაადგინა.
სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიებში ფერხთბანის რიტუალს ტარდება. სხსრების მიხედვით, მაცხოვარმა სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს ფეხები დაბანა.
დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როდესაც საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება.
დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. "თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.
მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და იგალობება საგალობელი, რომელშიც ასახულია ის ეპიზოდი, როდესაც იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ შეინანა. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება.
თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მართლმადიდებლები ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიის გაკეთებით ეამბორებიან და ტაძარს ტოვებენ.
ახალციხეში, მართლმადიდებლური ეკლესიების გარდა, დიდი ხუთშაბათი აღინიშნება და ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება რაბათის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ და გრიგორ განმანათლებლის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიებშიც.
წელს ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს 8 აპრილს ზეიმობს.