საზოგადოება
ვეტერანების საქმე უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა
უნებართვოდ შეჭრილი ვეტერანების ოჯახებს, გამოსახლება ემუქრებათ.

უზენაესმა სასამართლომ საქმე არ განიხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.


"ვეტერანებს წერილს მივწერთ და ვადას თვის ბოლომდე მივცემთ, რომ შენობა დაცალონ. იქ სამშენებლო სამუშაოები უნდა განვაახლოთ. ტერიტორიაზე კაფისა და სასადილოს მოწყობაა დაწყებული. შენობას თუ არ დატოვებენ, აღსრულების ბიუროს მივმართავთ" – ამბობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი.

ნანა ზუბაშვილის განცხადებით, თვითმმართველობა ვეტერანებს ალტერნატიულ ფართს კიდევ ერთელ შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მცხოვრებმა ვეტერანებმა მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა 2016 წლის სექტემბერში დაიკავეს. ახალციხის მერიამ მათი გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პეტრე იბერის #17–ში უკანონოდ მცხოვრები ოჯახების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო. ვეტერანებმა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ოთხ ოჯახს თავშესაფრის გარეშე ტოვებს.

ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ სადავო შენობაში მცხოვრებ ოთხივე ოჯახს, რამდენიმე ალტერნატიული ფართი შესთავაზა.
| Print |