სამართალი
ექიმ რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურის საქმეზე სასამართლო განხილვები დაიწყო
ექიმ რეანიმატოლოგის გიორგი აფციაურის სამოქალაქო სარჩელი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო და მთავარი სასამართლო სხდომაც ჩანიშნა. მედიკოსი კლინიკა "იმედს" სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებას ედავება. გიორგი აფციაურის ადვოკატის თამარ ნადირაძის თქმით, დავის განხილვა 22 მარტს არის ჩანიშნული.

,,შრომითი სამართლებრივი დავა გვაქვს კლინიკასთან. უსაფუძვლოდ მოხდა გიორგი აფციაურის გათავისუფლება. შესაბამისად, ვითხოვთ აღადგინონ სამსახურში და აუნაზღაურონ განაცდური" - განმარტავს ადვოკატი.

სასამართლო განხილვები მიმდინარეობს კლინიკა "იმედიდან" გათავისუფლებული კიდევ ერთი ექიმის ვიოლეტა ინასარიძის საქმეზეც. ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი ექიმები გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე კლინიკა "იმედიდან" 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის მიზეზით გაათავისუფლეს. გიორგი აფციაური ამ ფაქტს ახალციხელი ექთნის გარდაცვალების თემას უკავშირებს, თუმცა კლინიკის ხელმძღვანელობა აღნიშნულს უარყოფს.

2021 წლის 18 მარტს, როდესაც მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთდა, ვიოლეტა ინასარიძე ამცრელი კაბინეტის ექიმი იყო. ვაქცინირებული ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ როდესაც მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, მის გვერდით არ იყვნენ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. ისინი ხელმძღვანელობის დავალებით სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, კლინიკაში კი მას შემდეგ დაბრუნდნენ, როცა კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ შეატყობინეს.

ამ დროისათვის ორივე ექიმი კლინიკა "ევექსში" მუშაობს
ასევე ნახეთ: 

| Print |