სამართალი
ნაფიცი მსაჯულები ვანო წითლანაძის მკვლელობის საკითხზე ხვალ იმსჯელებენ
ასპინძის, სოფელ აწყვიტაში მომხდარი მკვლელობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. დაახლოებით ერთი თვის წინ მკვლელობაში ბრალდებულმა ნოდარ არაფხანიანმა საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულებს მიანდო. არაფხანიანები ირწმუნებიან, რომ ნიჯგორში მცხოვრები 46 წლის მამაკაცი დაკავებულს არ მოუკლავს. აწყვიტაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, არაფხანიანების სახლი დაკეტილია. ექვსსულიან ოჯახში არავინ იმყოფება.

არაფხანიანების მსგავსად ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს ელოდებიან წითლანაძეები. ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ არაფხანიანების ბრალდება უსაფუძვლოა. სოსო ხითარიშვილის თქმით, განცხადება თითქოს და ვანო წითლანაძე შვილის მოქნეულმა დანამ იმსხვერპლა ,,სამართლებრივად არასწორი და მორალურად გაუმართლებელია".

მკვლელობა 29 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 სთ-თვის მოხდა. შელაპარაკების ნიადაგზე გარდაიცვალა 46 წლის ვანო წითლანაძე. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
| Print |