სამართალი
უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო, საგამოძიებოში 22 შეტყობინება შევიდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შევიდა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 7-8 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოქალაქეებისგან, ჟურნალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან 22 შეტყობინება შემოვიდა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სამსახური შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება და იგეგმება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ განაცხადა.
პროტესტი 8 მარტსაც გაგრძელდა. აქციები იყო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია კვლავ წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
შსს-ს ინფორმაციით, 8 მარტის აქციაზე რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. ბოლო 2 დღეში აქციაზე ჯამში 133 ადამიანია დაკავებული.
გააზიარეთ :