ჟორჟოლიანთან, ბაჯელიძესა და სამ პირთან ჩხრეკა „საბოტაჟის საქმეზე“ ტარდება - საქართველოს პროკურატურა
პროკურატურის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს დღეს, 29 აპრილის დილას, ხუთ მისამართზე დაწყებული ჩხრეკის შესახებ. ამ განცხადებიდან ირკვევა, რომ ჩხრეკა ჩატარდა იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების ბინებში, რომლებიც ეხმარებოდნენ პროევროპული აქციების მონაწილეებს.
„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
რადიო თავისუფლება გაეცნო მარიამ ბაჯელიძისთვის გადაცემულ განჩინებას. მასში წერია, რომ დოკუმენტი გამოიცა 2 აპრილს 30-დღიანი მოქმედების ვადით. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავა.
დღეს, 29 აპრილის დილას, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში.
მარიამ გეგუჩაძესთან, ალეკო ცქიტიშვილსა და მარიამ ბაჯელიძესთან ჩხრეკა დამთავრდა, ნანუკა ჟორჟოლიანთან კი გრძელდება.
„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.